facebook youtube

ფესტივალი „პატარა ხელებით“ 3 ივნისს გრანდიოზული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვითა და შოუ კონცერტით დაიხურება

1 ივნისი 2017

thumbnail

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო და საქართველოს სოლიდარობის ფონდი გრანდიოზული საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებიან და საზოგადოებას საინტერესო და სახალისო გასართობ ღონისძიებაზე იწვევენ. გამოფენა-ფესტივალი „პატარა ხელებით“, რომლის შესარჩევი ტურები მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 3 ივნისს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე მასშტაბური ღონისძიებით დასრულდება.

პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი თამარ კვირტია აცხადებს, რომ გამოფენა-გაყიდვაზე უამრავ დამთვალიერებელსა და მოწვეულ სტუმარს ელოდებიან და აქედან გამომდინარე, სოლიდური თანხის მობილიზების იმედი აქვთ.

„ჩვენ დამთვალიერებელს ვპირდებით არაჩვეულებრივ სანახაობას - უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება გამოფენა-გაყიდვა - თბილისის 10 რაიონის მიხედვით მოეწყობა 10 სხვადასხვა კუთხე, მაგალითად მთაწმინდის რაიონის ბაღები ცალკე სივრცეში განალაგებენ თავიანთ ნამუშევრებს, კრწანისის და ვაკის ცალკე და ა.შ. ყველა კუთხე ინდივიდუალურად იქნება მოწყობილი და დარწმუნებული ვარ, დამთვალიერებლის გაოცებასა და აღფრთოვანებას გამოიწვევს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეთოდიკით დამზადებული ნამუშევრები, რაც ჩვენს ბაღებში სტანდარტული სამუშაო პროცესია. ამით, პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ის პროგრესი, რაც ბაღებში გვაქვს, გაიგოს საზოგადოების დიდმა ნაწილმა, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს ვაძლევთ საშუალებას შეიძინონ „პატარა ხელებით“ შექმნილი ნამუშევრები და გაიღონ მინიმალური თანხა ქველმოქმედებისათვის. ღონისძიების ამ ნაწილს საქართველოს სოლიდარობის ფონდი უწევს ორგანიზებას, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ,“ - განაცხადა თამარ კვირტიამ.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ახალ ტფილისში სხვა მრავალი სანახაობაა დაგეგმილი - გაიმართება საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა კონცერტი, პანტომიმის თეატრის მსახიობები წარმოადგენენ თავიანთ ყველაზე პოპულარულ და ბავშვებისათვის საყვარელ ნოველებს, იქნება პატარა მზარეულების კუთხე, სადაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელები განსხვავებულ ტკბილეულს დაამზადებენ და გაყიდიან ასევე საქველმოქმედო მიზნებისათვის. ადგილზე კიდევ სხვა ლოკალური აქტივობები გაიმართება, რომელში ჩართვაც სტუმრად მოსულ პატარებს შეეძლებათ.

თამარ კვირტიას განცხადებით, კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელიც მოწვეულ სტუმრებსა და დამთვალიერებლებს ელით, იქნება ჰიმნი, რომელიც სპეციალურად ამ ფესტივალისთვის შეიქმნა და ის კონცერტის დასასრულს გაჟღერდება.

პროექტის კიდევ ერთი მხარდამჭერი, გამომცემლობა „პალიტრა ელი“ სპეციალურად ამ დღისთვის უპრეცედენტო ფასდაკლების აქციას მართავს - აღმაშენებლის გამზირზე გამომცემლობა ყველა ასაკის მკითხველისათვის გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს, სტუმრებს კი მათი მოწვეული ანიმატორები გაამხიარულებენ.

ფესტივალს დაესწრებიან თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესმენები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები.