facebook youtube

რა უჯდება თბილისის ბიუჯეტს ერთი ბავშვის კვება ბაღებში და ვინ აკონტროლებს პროდუქტის ხარისხს?!

29 მარტი 2017

thumbnail

რას ჭამენ ჩვენი შვილები თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში?! - ამ თემით გაზეთი “რეზონანსი“ დაინტერესდა იმ კომპანიას მიმართა, ვინც დღეს თბილისის ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს.

 

თინათინ პაპუაშვილი, შპს “ელფის” ხელმძღვანელი:

 

- როდიდან შემოვიდა კომპანია ბაზარზე?

 

- “ელფი” ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. დაარსების დღიდან, ჩვენი ფუნქცია სხვადასხვა ორგანიზაციისა და სტრუქტურების საკვები პროდუქტების მომარაგებაა. 7 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით თავდაცვის სამინისტროსთან და სამხედრო მოსამსახურეებს კვებით მომსახურებას ვუწევდით. პარალელურ რეჟიმში გვქონდა სხვადასხვა პროექტები ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან”, თბილისის გლდანის რაიონის გამგეობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსთან და სხვა. 10 წელზე მეტია, კვების მომსახურების სფეროში ვმოღვაწეობთ და დღეის მდგომარეობით, 166 ბაგა-ბაღის მომსახურებას ვახორციელებთ. პარალელურად მომსახურებას ვუწევთ სასჯელაღსრულების სისტემის 19 საპატომროს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე და პენიტენციალურ სისტემას. კომპანიას გააჩნია კვლევის ობიექტების მართვის სფეროში მომსახურების გაწევის დამადასტრუებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ISO და HACCP. 

 

- რა ჯდება ერთი ბავშვის დღიური მენიუ, ანუ რა თანხას იხდის თბილისის მერია ბაღების აღსაზრდელთა კვებისთვის?

 

- ჩვენ მოვიგეთ თბილისის ბაგა-ბარების მართვის სააგენტოს ტენდერი, რაც მოიცავს ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას. შესაბამისად კვების ბლოკში მთელი პროცესი, პროდუქტიდან მზა ულუფამდე ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა. ტენდერში თავიდან ჩადებული პირობაა, რომ მენიუ აბსოლუტურად უცვლელი, რასაც არავინ არ ვეხებით. არსებობს ორი: სამკვირიანი ზამთრის და სამკვირიანი გაზაფხულის მენიუ. ასე სეზონური პროდუქტებიდან გამომდინარეა. ახლა გადავდივართ გაზაფხულის მენიუზე, რომელსაც აპრილიდან დავიწყებთ. მთლიანი მომსახურების საფასური თითო აღსაზრდელზე 3,22 ლარს შეადგენს. იმისთის, რომ კომპანიის მომსახურება უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდეს, სისტემატურად ვახდენთ პერსონალის გადამზადებას და სტანდარტების შესაბამისად ვუტარებთ ტრენინგებსა და ლექციებს, რისი დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცემათ. ჩვენს მომსახურებაში შედის მხოლოდ მენიუ, აღებული გვაქვს ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის ვალდებულება, რაც გულისხმობს ყველანაირი დანადგარის თუ ტექნიკური საშუალებების შეკეთება-რემონტს, რომელიც შეიძლება მიმდინარე პროცესში დაზიანდეს ან გამოვიდეს მწყობრიდან.

 

- პროდუქტის ხარისხის კონტროლი რა ფორმით ხორციელდება. არის თუ არა რაიმე საერთაშორისო სტანდარტები, ერევა თუ არა სურსათის უვნებლობის სამსახური პროდუქტის კონტროლში, ხორციელდება თუ არა იმ პროდუქტის მონიტორინგი, რაც ბაღებში შედის?

 

- პირველ რიგში, ჩვენ თვითონ მუდმივ კონტროლზე გვაქვს თითოეული პროდუქტი, რომელიც უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და ზუსტად იმ სტანდარტის შესაბამისი, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში გვქონდა მითითებული. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ პროდუქტს გააჩნია თავისი სტანდარტი, ტექნიკური მაჩვენებლები, რომელიც თითოეული დასახელების საკვების შესაბამისი უნდა იყოს. პროდუქტი პირდაპირ უნდა ესადაგებოდეს მოთხოვნილ სტანდარტს, რაც ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობაა. კონტროლს ადგილზე ბაგა-ბაღის პერსონალიც ახორციელებს, რომელსაც აქვს უფლება, შეამოწმოს პროდუქტის ვარგისიანობა და სხვა. გარდა ამისა, მკაცრ კონტროლს გვიწევენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტროს წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ და კვების სეგმენტში მუშა პროცესს აკვირდებიან. მონიტორინგს ახორციელებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებიც ბაგა-ბაღების ჩვენი ხშირი სტუმრები არიან. ისინი მუდმივად გვამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებითაც გვეხმარებიან. გასაგებია, რომ უმაღლეს ხარისხზეა საუბარი, რომელიც ინდივიდუალურია თითოელი პროდუქტისთვის, რომელსაც კონკრეტული მაჩვენებლები და პარამეტრი აქვს. მაგალითად, კარაქი აუცილებლად უნდა იყოს რძის ნაღების, არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმებს - 82%-იანი უნდა იყოს. თავისი ვადიანობა აქვს საქონლის ხორცს: რამდენი დღის დაკლულია, რამდენ ხანში მიწოდებული, რა ტემპერატურულ რეჟიმშია შენახული და სხვა. შესაბამისად, ქათამიც, ნედლი. დაკვლიდან 48 საათში უნდა მოხდეს მისი მოხმარება და ა.შ. თითოეული პროდუქტისთვის ინდივიდუალური მოთხოვნაა უმაღლეს ხარისხთან დაკავშირებით.

 

- რა განსხვავებაა ბაღების ინდივიდუალურ კვებით მომარაგებასა და უნიფიცირებულ მომარაგებას შორის. როგორც ვიცით, ამ რეფორმამდე, საბავშვო ბაღები თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას მომმარაგებელი კომპანიის არჩევის თაობაზე?

 

- აქამდე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ტენდერები ტარდებოდა სხვადასხვა პროდუქტის მიწოდებაზე, მაგალითაც, ხორცის ნაწარმი შემოჰქონდა ერთ კონკრეტულ კომპანიას, მარცვლეული – სხვას, ზოგიერთ ორგანიზაციას – ხილი და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში, თვითონ ბაღს უწევს ერთ კომპანიასთან ურთიერთობა, მოწოდებაც უფრო ორგანიზებულია. ცხადია, ჩვენ არა მარტო პროდუქტის მიწოდებაზე ვაგებთ პასუხს, ვალდებული ვართ პროცესს მივყვეთ ბოლო წერტილამდე, როცა აღსაზრდელებს დამზადებული კერძი მიეწოდებათ. აქამდე მომწოდებელს მხოლოდ კარებამდე მიჰქონდა პროდუქტი, იქ მთავრდებოდა მისი ვალდებულება. ჩვენ უკვე პასუხს ვაგებთ მთლიანად პროცესზე, შესაბამისად, მაქსიმალურად დაცულია პროდუქტის ხარისხიანობა. ხარისხით და გემოთაც სრულფასოვანი კერძი მზადდება. შემთხვევით, თუკი რაღაც პროდუქტი დაზიანდა, ვერ მოხდა გარკვეული რაოდენობით მოხმარება და სხვა, ობიექტიდან ვახორციელებთ ჩამოწერას და ამით ბაგა-ბაღიც ფინანსურად ნაკლებად ზარალდება. გარდა ამისა, რადგან წინასწარ არ არის ხოლმე ცნობილი, ბავშვების რა რაოდენობა დაესწრება, ჩვენ გვინაზღაურდება რეალური დამზადებული მენიუ და არა შემოტანილი პროდუქტის მიხედვით, რომლითაც ვერ განსაზღვრავ, რომელ დღეს რამდენი ბავშვი მოვა. ასეთი მიდგომა ბიუჯეტისთვისაც უფრო ეკონომიურია. ჩვენ ასევე ვახდენთ ნარჩენების გატანას ბაღიდან, რომელიც დღეში ორჯელ ხორციელდება.

 

- ეროვნული ვალუტის კურსის ასეთი ხშირი ცვალებადობის გამო, პროდუქტებზე ფასების ცვლის შედეგად, სავარაუდოდ, თქვენც გიწევთ შეცვლილი ფასებით სარგებლობა. ადვილი გასაგებია, რომ თუ ფასი იცვლება, ან ხელშეკრულებაში უნდა შევიდეს ცვლილება, ან პროდუქტის ოდენობა უნდა შემცირდეს. თუ შეეხო თქვენს მუშაობას ბაღებთან ამ თვალსაზრისით ცვლილება?

 

- ლარის კურსის არასტაბილურობა არათუ კომპანიებს, ინდივიდუალურ ადამიანებსაც გვეხება ყოველდღიურ ცოვრებაში. შეუძლებელია ეს გავლენა ორგანიზაციამ ვერ იგრძნოს, თუმცა, როცა კომპანია მოცულობითია, აქვს გარკეული საშუალებაც, რომ რაღაც მომენტში თავისი მოგება მინიმალურ დონეზე დაიყვანოს. ჩვენ რისკის შემცველობაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რაც აისახება კიდეც ,,ელფის” საქმიანობაზე. ჩვენთვის ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის აღსაზრდელები, რომელთა უსაფრთხოებაც კომპანიის ძირითადი ვალდებულებაა. ცხადია, გვიყვარს ჩვენი ბავშვები და ვერც ერთ შემთხვევაში პრობლემა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, პატარებისათვის მიწოდებული პროდუქტის ხარისხს ვერ შეეხება, ცხადია, ვერც – მომსახურებას. ამიტომ მიუხედავად ლართან დაკავშირებული გარკვეული სიიძნელეებისა, არც საკვების ოდენობა შეგვიმცირებია და არც ხარისხი, ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

 

- მაინც, რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რასაც კომპანია „ელფი“ აწყდება ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში?

 

- სირთულე ყოველდღიური მიმდინარე პროცესია, რამე განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ. ცხადია, რომ მარტივი არ არის პასუხისმგებლობა, რომელიც “ელფმა“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინაშე აიღო. ახლა გადასული ვართ ჩვეულებრივ მიმდინარე რეჟიმში, რომელიც არის ძალიან აქტიური და ამავდროულად საინტერესო. ესოდენ მოცულობითი სისტემის დაძლევა არ არის ადვილი. ჩვენ შევეჩვიეთ ახალ ვალდებულებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პატარა მომხმარებლებისთვის კომპანიის მომსახურება იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო, ხარისხიანი და კომფორტული, რა ვალდებულებაც გვაკისრია. ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული.

 

- მომარაგების გარდა კიდევ რა ვალდებულებები გაქვთ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულების პირობაში ჩადებული?

 

- მთავარი ვალდებულება, როგორც უკვე ვთქვი, პროდუქტების მიწოდებაა დამზადების პროცესის სრული ზედამხედველობით. ახლა ვამთავრებს HACCP-ის ტრენინგებს, რის შემდეგაც მზარეულების და მათი დამხმარეების ტრენინგებსა და გადაკვალიფიცირებაზე გადავალთ. შესაბამისად, მაქსიმალურად მივყვებით პროცესებს, რომ ავწიოთ მომსახურების დონე - პროდუქტის მიწოდებიდან დაწყებული, კერძის დამზადების ტექნოლოგიის სრული დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული დანადგარებით დაკომპლექტდეს სამზარეულო. გვყავს მენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად აკონტროლებენ კვების ბლოკებს ბაგა-ბაღებში, რომ სადმე რაიმე ხარვეზი არ იყოს. თითოეულს 10 ბაგა-ბაღი აბარია. ჩვენი გამოწვევაა კვალიფიცირებული, კარგად მომზადებული კადრი, რომელიც ხარისხიანი მომსახურების გარანტი იქნება მომავალშიც.