facebook youtube

ჩუღურეთში სექტემბერში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

24 აგვისტო 2018

thumbnail

ჩუღურეთის რაიონს ახალი სააღმზრდელო წლიდან კიდევ  ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. N68 ბაგა-ბაღი პალიასტომის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან და გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა.  სტუმრებმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა დაათვალიერეს და იმ პროცესებს გაეცნენ, რომელიც სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად რეალიზაციისთვის მიმდინარეობს.

 

ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და გათვლილია 350 აღსაზრდელზე. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება, მიმდინარეობს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების, ასევე ავეჯისა და სხვა ინვენტარის მონტაჟი.

 

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. ჩუღურეთის რაიონში, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 350 ბავშვს მიიღებს. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა სექტემბრიდან კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში გაატარონ სააღმზრდელო წელი,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

 

მისივე თქმით, წელს თბილისში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ მოქმედ ბაღს ახალი კორპუსი შეემატება.

1535104975.jpg1535104984.jpg1535104990.jpg1535104998.jpg
85-ბა