facebook youtube

თბილისის მერი ახლად გახსნილ N69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა

19 სექტემბერი 2017

thumbnail

თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღეს.

დავით ნარმანიამ აღსაზრდელებსა და თანამშრომლებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სწავლის დაწყება პატარებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა გია ვოლსკიმ და რიმა ბერაძემაც მიულოცეს.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, სწავლის დაწყების შემდეგ, ეს უკვე მეორე ბაღია,რომელიც გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით, საბავშვო ბაღები ყოველდღიურ რეჟიმში იხსნება, რათა ყველა პატარამ შეძლოს სკოლამდელი აღზრდის მიღება.

„საბავშვო ბაღის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რის შემდეგაც ახალი, თანამედროვე, ენერგოეფექტური ბაღი აშენდა. აქ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენი პატარები ღირსეულად აღიზარდონ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე ახალ საბავშვო ბაღში შვიდი ჯგუფი ფუნქციონირებს და 250-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებულია. ამ მიზნით, პანდუსის გარდა, შენობაში გათვალისწინებულია ლიფტიც. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, სადაც განთავსებულია ატრაქციონები და სათამაშო მოედანი. რამდენიმე დღის წინ კი ბაღის ეზოში არსებულ კედელზე ქართველი მხატვრის, თამაზ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით, მხატვართა ჯგუფმა ბავშვებისათვის საყვარელი პერსონაჟები მოხატა.

1505901306.jpg1505901315.jpg1505901323.jpg1505901328.jpg1505901336.jpg