facebook youtube

20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13 სექტემბერი 2017

thumbnail

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად 20 საბავშვო ბაღის შიდა ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაციას ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დღეს რამდენიმე ობიექტზე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. გლდანის რაიონში მდებარე N190-ე საჯარო ბაგა-ბაღის ეზოში, გარდა საგზაო სამუშაოებისა, შეიცვალა წყალკანალიზაციის სისტემა და მოეწყო სანიაღვრე ქსელი. დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ბაღს წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, რადგან ნალექიანი ამინდის დროს, ფაქტობრივად, ეზოში გადაადგილება შეუძლებელი ხდებოდა.

ასევე მძიმე მდგომარეობა იყო N186-ე საჯარო ბაგა-ბაღში, სადაც ამჟამად, კანალიზაციის ქსელი იცვლება. კომუნიკაციების მოწესრიგების შემდეგ, კონტრაქტორი კომპანია ასფალტის სამუშაოს დაიწყებს.

გლდანის რაიონის გარდა, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ვაკის, ისნის, სამგორისა და დიდუბის რაიონების ბაღებშიც.

„საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩვენ 20 საბავშვო ბაღში დავიწყეთ შიდა ეზოში გზის საფარის კეთილმოწყობა. შევარჩიეთ ის ობიექტები, სადაც ყველაზე მეტად იყო დაზიანებული შიდა ეზო. გზის საფარის შეცვლასთან ერთად, საჭიროების მიხედვით, ზოგიერთ ბაღში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც, მათ შორის, მოეწყო სანიაღვრე სისტემები. პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მათი დასრულების შემდეგ ბაღებს კეთილმოწყობილი ეზოები ექნებათ,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

1505293841.jpg1505293851.jpg1505293856.jpg1505293866.jpg1505293874.jpg