facebook youtube

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განმარტება 169-ე ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

15 მარტი 2017

thumbnail

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკავოს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ პროვოცირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვისგან, რადგან მიგვაჩნია, რომ სააგენტო განყენებულია პოლიტიკური საქმიანობისაგან და მისი რესურსები ბაგა-ბაღების მართვის სისტემის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, თუმცა 12 მარტს სამგორის რაიონში მდებარე N169-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ინტერნეტ-გამოცემა „ედიტორის“ წარმომადგენელთა უნებართვო შეჭრამ და ბაღის თანამშრომლებთან დაპირისპირების ამსახველმა ვიდეო-მასალამ მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც გადავწყვიტეთ, უკომენტაროდ არ დავტოვოთ მომხდარი ინციდენტი, რომელსაც, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ღიად ვაფასებთ, როგორც პროვოკაციას.

2017 წლის 11-12 მარტს, უქმეებზე, N169 ბაგა-ბაღის თანამშრომლები მცირე სარემონტო სამუშაოების შემდეგ შენობის დასასუფთავებლად შეიკრიბნენ. ორ დღიანი მუშაობის შემდეგ კი მათ წახემსება გადაწყვიტეს და ვფიქრობთ, რომ ამის უფლებას მათ ვერავინ შეუზღუდავს.

ბაღის თანამშრომლების გამოკითხვის შედეგად, ირკვევა, რომ გამოცემა „ედიტორის“ სამი თანამშრომელი საბავშვო ბაღის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიჭრა უნებართვოდ. ისინი გადაძვრნენ ბაღის ღობეზე და ჩართული კამერებითა და მობილური ტელეფონებით შეცვივდნენ უკვე ბაღის შენობაში, სადაც დაიწყეს ოთახებში დაუკითხავად სირბილი და ყვირილი. ბაღის თანამშრომელთა განმარტებით, ახალგაზრდები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებდნენ პარტიულ მუშაკებს და ბრალს სდებდნენ საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე პარტიული ნადიმის გამართვაში. „ედიტორის“ წევრები გამოირჩეოდნენ აგრესიული დამოკიდებულებით და ცდილობდნენ პედაგოგთა პროვოცირებას.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის და ალბათ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მათ მიერ დამონტაჟებული, არასრული მასალა იხილა, თანამშრომელთა რეაქცია, ნამდვილად არასასიამოვნოა, თუმცა ამავე მასალაში არ ჩანს ინციდენტის დასაწყისი, ანუ ის, თუ რამ გამოიწვია მასწავლებელთა ასეთი ქცევა. ბაღის ადმინისტრაციის განმარტებით, შეჭრილი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ პროვოკაციას. დაინტერესებულ მედია საშუალებებს კომენტარი უკვე მისცა ბაღის დირექტორმა ნინო ბუჩაშვილმა. მისი თქმით, ინციდენტი პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ის ბაღის ყოფილი დირექტორის მიერ იყო დაგეგმილი, რადგან აღნიშნული პირი პარტია „ახალი საქართველოს“ წევრია. ამავე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ლევან ხაბეიშვილი, ხოლო გამოცემა „ედიტორი“ კი მასთან ასოცირებული სააგენტოა.

რაც შეეხება „გახმაურებულ“ ტორტის თემას: ეს შემთხვევა მოხდა ლილოს ბაღში და არა 169-ე ბაღში, სადაც ბაღის თანამშრომლები სააღმზრდელო პროცესის დროს, ანუ მაშინ, როცა ბავშვები ჯგუფებში იმყოფებოდნენ, მათ თვალწინ მიირთმევდნენ ტორტს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებისთვის გარედან შეტანილი პროდუქტის მიცემა აკრძალულია, მათ ტორტს ვერ შესთავაზებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს შეესწრო სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი, ეს საკითხი არ ყოფილა ლილოს ბაღის დირექტორის შეცვლის ერთადერთი მიზეზი. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად დაინტერესებული პირები ამ ორი სხვადასხვა ბაღის შესახებ ინფორმაციასა და ფაქტებს მიზანმიმართულად ურევენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სააგენტოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თხოვნით მიმართავს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე პირებს ნუ გამოიყენებენ საბავშვო ბაღების თემატიკას პოლიტიკური ინტრიგებისთვის.