თსუ-სა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ხელშეწყობა პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და კარიერულ განვითარებაში.
მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ადრეული განათლება“ სტუდენტთა და პროფესორ - მასწავლებელთა ჩართულობას სააგენტოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტების მომზადებაში, ასევე, თანამშრომლობას პედაგოგიური და პროფესიული პრაქტიკის განხორციელებისა და აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ-მეთოდიკური მიმართულებით კონსულტირებისა და ტრენინგის კუთხით.
ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდა“ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და სააგენტოსთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნას. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას უნივერსიტეტში, ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, ტრენინგების მოწყობას, სააგენტოში არსებული ვაკანსიებისთვის კადრების შერჩევაში თანამშრომლობას სააგენტოს საკონკურსო პროცედურების შესაბამისად.