თბილისის N100 ბაღი ახალ პროექტში ჩაერთო
თბილისის N100 ბაგა-ბაღის 23 თანამშრომელი "მასწავლებლის სახლისა" და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ პროექტში ჩაერთო. პროექტის დეტალებისა და სწავლების მიზნების შესახებ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა თამარ თოლორაიამ და "მასწავლებლის სახლიდან" თამარ საღინაძემ გააცნეს.
ერთწლიანი პროექტი „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პრაქტიკოსების პროფესიული განვითარების გზით“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაიწყო, თბილისში კი ამ მიზნით, N100 ბაგა-ბაღი შეირჩა. მისი მიზანია სამინისტროს მიერ შემუშავებული კურიკულუმის დანერგვა და პილოტირება საბავშვო ბაღებში.
პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა N100 ბაღს გადასცა პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მეთოდური და სახელმძღვანელო მასალები.