N27 ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
„თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.
გალაკონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით თბილისის მერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მიმართა და შვიდ საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.
წელს საპატიო თბილისელები გახდნენ: გიოზალ დუმოევი - „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს; გივი მამულაშვილი - „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული; ავთანდილ კობახიძე - თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს; ვალერიან მეთაფლიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს; როგნეტა კუჭავა - ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს; მეია მეგრელიშვილი - თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი; ნიკოლოზ ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი.