N10 ბაღის ეზოში 4-ჯგუფიანი კორპუსი აღსაზრდელებს ნოემბერში მიიღებს
თბილისის N10 საჯარო ბაგა-ბაღს მალე ახალი კორპუსი შეემატება. სამშენებლო სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზაშია და გეგმის მიხედვით, ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებას ოთხი ჯგუფი და ერთი ღონისძიებების დარბაზი შეემატება, რაც ბაღს აქამდე არ ჰქონდა.
ამჟამად, ბაღი 5-ჯგუფიანია და მასში 177 ბავშვია რეგისტრირებული. გაფართოების შედეგად, 9-ჯგუფიანი გახდება და დამატებით 120-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს. კორპუსის მშენებლობის პარალელურად, ბაღის ტერიტორიაზე ორი სათამაშო მოედანი მოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან და გამგებელთან ერთად დაათვალიერა.
„მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩუღურეთის რაიონში. მაჟორიტარი დეპუტატისა და გამგებლის ინიციატივით დაიგეგმა, რომ მეათე ბაღში დამატებითი კორპუსი აშენდეს. ოთხი დამატებითი ჯგუფი ექნება ბაღს, 120-მდე ბავშვს მივიღებთ. მილიონამდე ლარი იხარჯება ამ პროექტისთვის და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ განვტვირთოთ ჯგუფები“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
აღნიშნული კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე, ამ ტერიტორიაზე იდგა ავარიული შენობა, რომლის დემონტაჟიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მის ნაცვლად ბაგა-ბაღს უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა შეემატება.