Heart-ის მეთოდოლოგიით 2023 წელს 150-მდე აღმზრდელი გადამზადდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 150 აღმზრდელი თანამედროვე სკოლამდელი მეთოდოლოგია HEART-ის მიხედვით გადამზადდა. პროექტი დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება.
2023 წლის შემაჯამებელ შეხვედრას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დაესწრო. კახა აბულაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაცია Save the Children-ის წარმომადგენლებს აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის.
„სკოლამდელი განათლების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საერთაშორისო სააღმზრდელო მეთოდოლოგია „ჰარტი“ თბილისის ბაღების თითქმის 70 პროცენტში უკვე დანერგილია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ დონორ ორგანიზაციას „გადავარჩინოთ ბავშვები“ ამ მასშტაბური ინვესტიციისათვის, რომელიც ჩვენი პატარების სწორ და ადეკვატურ განვითარებას ემსახურება. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოებას და პარალელურ რეჟიმში დავგეგმოთ ახალი ერთობლივი პროექტები“, - განაცხადა კახა აბულაძემ.
ორგანიზაციის საქმიანობის 2023 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გადამზადებულ აღმზრდელებს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
„ჰარტი“ – (HEART – Healing and Education Through the Arts) არის ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით ეხმარება ბავშვებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში. 2023 წელს მეთოდოლოგიის დანერგვის პარალელურად, ორგანიზაციის ტრენერებმა მისი პრაქტიკაში გამოყენების მონიტორინგიც განახორციელეს.