ახალი ამბები

გურამ ოქროპირიძემ უნგრეთის ოფიციალურ პირებს N19 ბაგა-ბაღში უმასპინძლა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრა პონევაჩ-პანასა და ქვეყანაში ვიზიტად მყოფ უნგრეთის განათლების მინისტრის მოადგილეს, ზოლტან მარუჟას შეხვდა.
გურამ ოქროპირიძემ უნგრელ სტუმრებს დიდუბის რაიონში მდებარე N19 საბავშვო ბაღში უმასპინძლა, სადაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სკოლამდელი განათლების სისტემის პრიორიტეტებზე, სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაღებში ერთ-ერთი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, არაერთი სამუშაო განხორციელდა. საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსაც.
სტუმრებმა დაათვალიერეს ბაღის ინფრასტრუქტურა, სამზარეულო, სასადილო სივრცეები და სააღმზრდელო გარემო.
სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება სკოლამდელი განათლების სერვისების გაუმჯობესების მიზნით და ამ კუთხით, სააგენტო მუდამ ღიაა პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის.
თავის მხრივ, უნგრელმა სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის.