ახალი ამბები

გიორგი ტყემალაძე ვაკის ბაღებში არსებულ მდგომარეობას ეცნობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე თავის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას ეცნობა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს თბილისის N1, N137, N133 და N75 საჯარო ბაღებში უმასპინძლა და ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ სარეაბილიტაციო სამუშაობის, ასევე, მეთოდოლოგიური სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განიხილეს ის საჭიროებებიც, რაც ამ ეტაპზე სააგენტოსა და ბაღების ადმინისტრაციების დღის წესრიგში დგას.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით,  სააგენტო ოპერატიულად პასუხობს სისტემაში არსებულ გამოწვევებს. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, დედაქალაქის თითოეული ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც ეტაპობრივად განხორციელდება.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც სკოლამდელი განათლების დახვეწასა და განვითარებას ემსახურება.

კახაბერ გვანცელაძემ და გიორგი ტყემალაძემ ოთხივე საბავშვო ბაღში კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.